გურამ ბელთაძე
მათემატიკოსი
დაბადების თარიღი 1949
1972 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი მათემატიკოსის კვალიფიკაციით.
1972-1973 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამოთვლითი ცენტრის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1974-1976 წლებში სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალური ეკონომიკა-მათემატიკის ინსტიტუტის ლენინგრადის განყოფილებაში და შემდეგ იმავე აკადემიის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების ინსტიტუტში ნ. ვორობიოვის თამაშთა თეორიისა და ოპერაციათა კვლევის სამეცნიერო სკოლის ასპირანტი მისივე ხელმძღვანელობით; 1975-1976 წლებში ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნ. ვორობიოვის ასისტენტი თამაშთა თეორიაში; 1977-1988 წლებში ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის უმაღლესი მათემატიკის კათედრის ასისტენტი, უფროსი მასწავლებელი, დოცენტი; 1989-1992 წლებში რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის სანკტ-პეტერბურგის ეკონომიკა-მათემატიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1993-1998 წლებში ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტის უმაღლესი მათემატიკის კათედრის პროფესორი; 1999-2006 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; 2007 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორი; 2018 წლიდან იმავე ფაკულტეტის პროფესორ-ემერიტუსია. მისი სამეცნიერო სპეციალობაა დისკრეტული მათემატიკა და მათემატიკური კიბერნეტიკა; მიმართულება - თამაშთა თეორიის და ოპერაციათა კვლევის მათემატიკური თეორია, ხოლო მეცნიერული ინტერესების სფეროა: გადაწყვეტილებათა მიღების მათემატიკური თეორია, შეფასების თეორია, პრიორიტეტების დადგენის და საკონკურსო ამოცანები, სოციალური არჩევანი, სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური და სამართლებრივი პროცესების მათემატიკური მოდელირება, სწავლების ორგანიზაცია. აქვს 120-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის სამეცნიერო სტატიები, სახელმძღვანელოები, მონოგრაფიები.
1982 წლიდან არის ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი, 1992 წლიდან ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი.